"რიონის მცველებმა" გუმათიდან ENKA-ს ერთ-ერთი ბაზისკენ გადაინაცვლეს.
ისინი გზის გადაკეტვას და ტერიტორიის ბლოკირებას გეგმავენ.
როგორც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, ისინიც ჩაკეტავენ ინვესტორი კომპანიის ტერიტორიას, ისევე, როგორც სახელმწიფომ სოფელი ნამოხვანი ჩაკეტა.
"რა თქმა უნდა, ჩვენთვის რთულია, ამ პირობებში, ერთსა და იმავე ადგილას ვიდგეთ და ვითხოვდეთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას და ასე უსინდისოდ გვაიგნორებდეს ხელისუფლება, ამიტომ გადმოვინაცვლებთ დღეს კომპანიის ოფისთან, ერთ-ერთ ბაზასთან, სადაც გადავკეტავთ გზას, სადაც ჩვენც მოვახდენთ ხეობის სრულ ბლოკირებას, რომ ვერ გადაადგილდეს ვერავინ. თუკი ჩვენ გვეზღუდება ჩვენი კონსტიტუციური უფლებები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, ვერც კომპანიის მანქანებმა უნდა შეძლონ ხეობაში გადაადგილება". - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
პოლიციამ სოფელი რამდენიმე დღეა, ჩაკეტა და დემონსტრანტებს გადაადგილების უფლება შეუზღუდა.
იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა, რომელიც "რიონის მცველებთან" მივიდა, თქვა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია ვერ უზრუნველყოფს, აქედან გამომდინარე, დროებით არის შეზღუდული ხეობაში გადაადგილება".
პოლიციამ ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას რამდენიმე მიზეზით ხსნის: სამძებრო სამუშაოებით - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. ასევე, მისი თქმით, "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში".